What I’m hearing from human rights defenders in Georgia

This is a tabbed section of 2 tabs with each tab content area containing the same text but translated to a different language

რას ვისმენ უფლებადამცველებისგან საქართველოში?

24 მაისს ორი მოსმენა გავმართე საქართველოს უფლებადამცველებთან. მოსმენის მონაწილეები მუშაობენ მთელ რიგ საკითხებზე, მათ შორის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებზე, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებზე, ლგბტქ(ი) პირთა უფლებების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების, ქალების, ბავშვების, იძულებით გადაადგილებულ პირებისა და მიგრანტთა უფლებრივ, ასევე პრესის თავისუფლების საკითხებზე. მათ ისაუბრეს იმ რისკებსა და გამოწვევებზე, რომლებსაც აწყდებიან თავის საქმიანობაში და განიხილეს უფლებადამცველთა ზოგადი მდგომარეობა საქართველოში.

დისკუსიის დროს გავიგე, თუ როგორ გაუარესდა გარემო უფლებადამცველთათვის 2023 წლის პირველ თვეებში, როდესაც ”უცხო ქვეყნის აგენტის” შესახებ კანონპროექტის ირგვლივ წარმოშობილმა განხილვებმა უფლებადამცველთა მიმართ ცილისმწამებლური და მადისკრედიტირებელი განცხადებები გამოიწვია. საჯარო პირებმა, მედიასაშუალებებმა და პოლიტიკოსებმა დაიწყეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმოჩენა „მტრებად“, რომლებიც ემუქრებიან საქართველოს სუვერენიტეტს, ხოლო უფლებადამცველებისა – „უცხოურ აგენტებად“.

მიუხედავად იმისა, რომ ფართო წინააღმდეგობრივი მობილიზაციის შედეგად კანონპროექტს უარი ეთქვა, უფლებადამცველებმა მითხრეს, რომ საზოგადოებაში მათთვის მიყენებული ზიანი მაინც სახეზეა. არასამთავრობოების წინააღმდეგ გავრცელებულმა ცილისმწამებლურმა კამპანიებმა და ყალბმა ამბებმა ძირი გამოუთხარა ქართულ საზოგადოებაში წლების განმავლობაში ნაშენებ ნდობას, რომელთა მხარდაჭერაც მათი საქმიანობის მიმართ შემცირდა. უფლებადამცველთა წინააღმდეგ მიმართული მტრული შეტყობინებები იწვევს შეურაცხყოფას, მუქარებსა და თავდასხმებსაც კი.

რამდენიმე უფლებადამცველმა ისაუბრა დამატებით რისკებზე, რომლებსაც ისინი ახლა აწყდებიან ქვეყანაში ულტრამემარჯვენე ჯგუფების გაძლიერების გამო, რომლებიც, როგორც ჩანს, სრულად დაუსჯელად მოქმედებენ. ისინი პასუხისმგებლები არიან დაშინებაზე, სიკვდილის მუქარაზე, კიბერთავდასხმებზე, ფიზიკურ ძალადობასა და უფლებადამცველთა წინააღმდეგ მიმართულ რეიდებზე.

მონაწილეებმა ასევე მითხრეს, რომ ისინი განიცდიან უკანონო თვალთვალს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილმა ფაილებმა აჩვენეს, რომ უფლებადამცველებსა და ჟურნალისტებს უკანონოდ უსმენდნენ. ამან ნეგატიური გავლენა მოახდინა მთლიანად სამოქალაქო საზოგადოებაზე და ახლა აფერხებს უფლებადამცველთა შესაძლებლობას იმუშაონ შიშის გარეშე.

გავიგე, რომ უფლებადამცველებს ხელი ეშლებათ მათი სამუშაოს შესრულებაში მათივე ოჯახის წევრებზე ან მათი საშუალებით ზეწოლის გამო. ამ გამოწვევით განსაკუთრებით ზარალდებიან დედაქალაქის გარეთ მყოფი აქტიური პირები.

ზოგიერთ უფლებადამცველ ორგანიზაციას უჭირს საოფისე ფართების დაქირავება, რადგან ისინი ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილნი. მეორე მხრივ, ისინი, რომელთა ოფისებიც საჯარო შენობებშია განთავსებული, დამოკიდებულნი არიან სახელმწიფოს კეთილ ნებაზე, რამაც შეიძლება თვითცენზურა გამოიწვიოს.

ქალმა უფლებადამცველებმა მითხრეს თავდასხმების დამატებითი ასპექტების შესახებ, რომლებსაც ისინი მათი გენდერის გამო განიცდიან, მათ შორის სექსუალიზაციას, მიზოგინიურ ქმედებებსა და შეურაცხყოფას და სექსუალური ძალადობის მუქარას.

ასევე გავიგე, რომ ისინი, რომლებიც უმცირესობათა უფლებებს იცავენ კიდევ უფრო მოწყვლადები არიან. რელიგიურ უმცირესობებთან მომუშავე უფლებადამცველებმა მითხრეს პოლიციისა და სახელმწიფო უსაფრთხოების ძალების მხრიდან შევიწროებისა და დაშინების შემთხვევებზე განათლების ხელმისაწვდომობისთვის და სამთო მრეწველობის წინააღმდეგ გამართული მშვიდობიანი ადვოკატირების დროს.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უფლებადამცველებმა აღნიშნეს, რომ ისინი აწყდებიან დამატებით სირთულეებს სამთავრობო დახმარებასა და სერვისის მომწოდებლებზე დამოკიდებულების გამო, რაც ურთულებს მათ ამ სტრუქტურების მიმართ კრიტიკულ დამოკიდებულებას.

მეორე მხრივ, ლგბტქ(ი) უფლებების დამცველებმა გააზიარეს მათი წუხილი მაღალი თანამდებობის პირთა მხრიდან ჰომოფობიისა და ანტი-ლგბტქ(ი)  რიტორიკის გაძლიერების გამო. საქართველოში ქვიარ თემისთვის სივრცეები მცირდება და პრაიდის მსვლელობები გაუქმდა ექსტრემისტული და რელიგიური ჯგუფების მუქარის გამო.

გავიგე, რომ ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტრატეგიაში, რომელიც საქართველოს მთავრობამ ბოლო წლებში შეიმუშავა, საერთოდ არ არის ნახსენები უფლებადამცველები და არც მიემართება ლგბტქ(ი) თემის უფლებების დაცვის საჭიროებას.

რამდენიმე უფლებადამცველმა განაცხადა, რომ ზოგადად, სამოქალაქო სივრცე, მათ შორის პრესისა და სახელოვნებო ინსტიტუტების დამოუკიდებლობა საფრთხეშია. საქართველომ, რომელიც ბოლო დრომდე უსაფრთხო დანიშნულების ადგილი იყო მეზობელი ქვეყნების უფლებადამცველთათვის, მათ შორის რუსი და ბელორუსი პირებისთვის, დაიწყო თვითნებური უარის თქმა მისივე საზღვრებში უფლებადამცველთა შემოშვებაზე.

შემაშფოთებელია რისკები და გამოწვევები, რომელთა წინაშეც უფლებადამცველები არიან საქართველოში. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო მოსმენაში და იმედი მაქვს კვლავ გავაგრძელებ მათგან ინფორმაციის მიღებას, რათა მათი წუხილები გავაჟღერო კიდევ უფრო შორს.


Actions

Submit Information

Submit confidential information on a HRD at risk

Communications and Press Releases

How do communications and press releases work?

Contact Mary

Request a meeting with Mary or her team