End-of-Mission Statement – Official Country Visit to Georgia [English / ქართული]

This is a tabbed section of 2 tabs with each tab content area containing the same text but translated to a different language

მერი ლოლერი, გაერთიანებული ერების სპეციალური მომხსენებელი ადამიანის უფლებათა დამცველების მდგომარეობაზე – წინასწარი მიგნებები და რეკომენდაციები

[არაოფიციალური თარგმანი]

თბილისი – 7 ნოემბერი 2023

საქართველოში 30 ოქტომბრიდან ვიმყოფები ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ადამიანის უფლებათა დამცველების მდგომარეობაზე სპეციალური მომხსენებლის რანგში. დღეს ჩემი ვიზიტის ბოლო დღეა.

გასული რვა დღის განმავლობაში, მე და ჩემს გუნდს მოგვეცა შესაძლებლობა სიღრმისეულად გვესაუბრა აქტორთა უაღრესად ფართო და მრავალფეროვან ჯგუფთან ქვეყანაში არსებული გარემოს შესახებ, რომელშიც მუშაობა უწევთ ადამიანის უფლებადამცველებს. ეს არიან ინდივიდები და ჯგუფები, რომლებიც მშვიდობიანი გზებით ცდილობენ ქვეყანაში ადამიანის უფლებების გაუმჯობესებას.

მსურს გულწრფელი მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას ჩემი მოწვევისთვის, ასევე სახელმწიფოს ყველა იმ წარმომადგენელს, რომლებმაც გულთბილად მიმიღეს და დახმარება გამიწიეს ვიზიტის ორგანიზებაში. ასევე მსურს გამოვხატო გულწრფელი მადლიერება მათ მიმართ გულახდილი და მნიშვნელოვანი მსჯელობისთვის.

ჩემი ვიზიტის ფარგლებში შევხვდი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, პრემიერ მინისტრის მრჩეველს ადამიანის უფლებათა საკითხებში, შინაგან საქმეთა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრებს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პროკურატურის, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის, ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს, კომუნიკაციების კომისიისა და იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებს.

რაც შეეხება იმ სამინისტროებსა და სახელმწიფო უწყებებს, რომლებთანაც შეხვედრა ვერ მოხერხდა ორივე მხარის ძალისხმევის მიუხედავად, იმედს გამოვთქვამ, რომ შესაძლებელი იქნება მათთან ინფორმაციის მიმოცვლა ჩემი ვიზიტის შემდგომ და ასევე საბოლოო ანგარიშის წარდგენამდე.

ვწუხვარ, რომ რამდენიმე უწყების მხრიდან ჩემ თხოვნას შეხედრასთან დაკავშირებით დადებითი რეაგირება არ მოჰყოლია , მათ შორის კულტურის სამინისტროსა და მუნიციპალური ხელისუფლებების მხრიდან.

სამწუხაროდ, მე არ მომეცა შესაძლებლობა შემესწავლა ადამიანის უფლებათა დამცველების მდგომარეობა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში.

მადლიერი ვარ იმ დროისა, რომელიც დამითმო საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა, რომელიც უმნიშვნელოვანეს საქმიანობას ეწევა.

მადლობას ვუხდი საქართველოში გაეროს მუდმივ წარმომადგენელსა და გაეროს წარმომადგენლობის გუნდს, ასევე გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) გუნდის წევრებს. მსურს მადლიერება გამოვხატო საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის მიმართ მათ მიერ გაწეული დახმარებისთვის.

დაბოლოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მსურს მადლიერება გამოვხატო ადამიანის უფლებათა დამცველების მიმართ, რომლებმაც დამითმეს დრო საქართველოში ჩემი ვიზიტისას. განსაკუთრებული მადლობა მათ ვინც ჩემთან შესახვედრად შორი გზიდან ჩამოვიდა.

ჩემი პროფესიული საქმიანობის ძირითადი ნაწილი ადამიანის უფლებათა დამცველების დაცვას ეხება. ამ მხრივ, საქართველო, განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განმავლობაში, ნამდვილ სამოთხედ იქცა ადამიანის უფლებათა დამცველებისთვის. მართალია, ჩემი ვიზიტის განმავლობაში მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ეს სამოთხე ჯერ კიდევ არსებობს და ადამიანის უფლებების ბრძოლის ცეცხლიც არ განელებულა, მაინც მრჩება შთაბეჭდილება, რომ შეიძლება ქარმა სხვა მიმართულებით დაუბეროს.

მე ქვემოთ განვმარტავ იმ მიზეზებს, რამაც მომიყვანა ამ პირველად დასკვნამდე. თუმცა, მანამდე მსურს გაგიზიაროთ რწმენა, რომელიც წარმართავს ჩემი, როგორც სპეციალური მომხსენებლის საქმიანობას.

ადამიანის უფლებათა დამცველების ლეგიტიმური საქმიანობის აღიარება და მათთან მუშაობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათი მოსაზრებები კრიტიკულია, უმთავრესი წინაპირობაა ადამიანის უფლებების საყოველთაოდ დაცვისთვის. ეს მოითხოვს ურთიერთნდობას უფლებადამცველებსა და სახელმწიფოს შორის.

მეორეს მხრივ კი, იქ, სადაც ადამიანის უფლებათა დამცველები განიციდან შევიწროვებას, სადაც ესხმიან თავს და სადაც ისინი თავს დაუცველად გრძნობენ საკუთარი საქმიანობის განხორციელების პროცესში, სახელმწიფომ უნდა დაუსვას საკუთარ თავს კითხვები და მასთან დაკავშირებით, თუ რა არის მათი პასუხისმგებლობა და რა უძღოდა წინ ამგვარი სიტუაციის შექმნას. ხოლო, როდესაც სახელმწიფო ამგვარ კითხვებს არ სვამს, სადაც უარყოფს პრობლემების არსებობას, აგრძელებს რეპრესიებსა და იკავებს „სირაქლემას“ პოზიციას, ეს მიუთითებს სერიოზული და ღრმა მიზეზების არსებობაზე და ქმნის შეშფოთების საფუძველს.

ადამიანის უფლებათა დამცველების აქტიურობა ქვეყანაში

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება დროთა განმავლობაში ვითარდებოდა და დღეს ის არის უაღრესად ძლიერი, მიზანდასახული და მრავალფეროვანი. ეს არის ქვეყნის სიამაყე და ამით უნდა ამყობდეს სახელმწიფოც.

როგორც მოსამზადებელ პერიოდში, ასევე უშუალოდ ვიზიტისას, მე ვესაუბრე იმ უფლებადამცველებს, რომლებიც სათემო დონეზე საქმიანობენ, ასევე, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ასოციაციებს, იურისტებს, ჟურნალისტ-გამომძიებლებს, სოციალურ საკითხებზე მომუშავე რეჟისორებს, მწერლებსა და შემოქმედებითი სფეროს სხვა წარმომადგენლებს, მეცნიერებს, დასაქმებულთა უფლებების დამცველებსა და რეგიონალური და საერთაშორისო ორგანიზაციების ადგილობრივ წარმომადგენლებს.

ადამიანები, რომლებსაც ვესაუბრე მუშაობენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა გარემოს დაცვა, არჩევნების მონიტორინგი, გამოხატვის თავისუფლება და კულტურული უფლებები, კორუფციის მხილება, ქალთა და LGBTQI უფლებები, შშმ პირების უფლებები, ახალგაზრდების უფლებრივი მდგომარეობა, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებები და სხვა. აქტიური საქმიანობის არეალი ფართო და შთამბეჭდავია.

მათი საქმიანობა და აქტივობები, ღონისძიებები, რომლებსაც ისინი აწყობენ და ცნობიერება, რომლის ჩამოყალიბებაშიც უდიდესი წვლილი შეაქვთ და ხელშესახები დადებითი ზეგავლენა ადამიანებზე – ეს ამ ქვეყნის სიმდიდრეა.

საკანონმდებლო ქვაკუთხედი და ინსტიტუციური მოკავშირეები

თანამედროვე საქართველო დგას კონსტიტუციაზე, რომლითაც დაცულია ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებული უმნიშვნელოვანესი უფლებები. ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით, ქვეყნის საკანონმდებლო ჩარჩო თანხვედრაში უნდა იყოს საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებთან.

ეროვნულ დონეზე შემუშავებულია კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დაცვის ხელშემწყობი და გამართული საკანონმდებლო ჩარჩო, რაც უდავოდ მისასალმებელია. თუმცა, ჩემი დაკვირვებით, რამდენიმე შემაშფოთებელი ტენდენცია გამოიკვეთა როგორც კანონმდებლობის განხორციელების, ასევე ბოლო პერიოდის გარკვეული საკანონმდებლო ინიციატივების მიმართულებით, რომლებზეც ქვემოთ მოგახსენებთ.

კანონმდებლობის მეშვეობით სახელმწიფომ მყარი მანდატი მიანიჭა რამდენიმე ინსტიტუტს, რომელთა მუშაობა მნიშვნელოვანია ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვისთვის ხელსაყრელი გარემოს შესანარჩუნებლად. ამგვარ ინსტიტუტებში მოიაზრება, მაგალითად, სახალხო დამცველის აპარატი და იურიდიული დახმარების სამსახური. მსურს საჯაროდ მივესალმო სახელმწიფოს ამგვარ მნიშვნელოვან მცდელობას.

უფლებადამცველების დაცვისკენ მიმართული პრაქტიკული ღონისძიებები

საქართველოში არ მოქმედებს კანონი, რომელიც კონკრეტულად შეეხებოდა ადამიანის უფლებათა დამცველებს და მათ საქმიანობას. თუმცა, ამ ფაქტს ხელი არ შეუშლია რამდენიმე სახელმწიფო უწყებისთვის მიეღო პრაქტიკული ზომები ამ საკითხთან დაკავშირებით.

ამის ერთ-ერთი მაგალითია სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელმაც, 2023 წლის ივლისში გამოსცა სავალდებულოდ შესასრულებელი რეკომენდაცია სისხლის სამართლის იმ საქმეებზე მომუშავე გამომძიებლებისთვის, რომლებშიც ადამიანის უფლებათა დამცველები ფიგურირებენ. რეკომენდაციები დაეფუძნა ადამიანის უფლებათა დამცველის მკაფიო და მისასალმებელ განსაზღვრებას. ამგვარი რეკომენდაცია, მცირედ შეცვლის შემდეგ, ჩემი აზრით სხვა სააგენტოებმაც უნდა მიიღონ.

ამის მსგავსად, 2020 წელს, პროკურატურამ შეიმუშავა გზამკვლევი ადამიანის უფლებათა დამცველების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამოძიებისთვის. ეს ნაბიჯი, ისევე როგორც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის რეკომენდაცია, მოჰყვა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციას.

პროკურატურამ ასევე შექმნა და დანერგა სეგრეგირებული სტრატისტიკური ინფორმაციის შეგროვების სისტემა იმ დანაშაულებებთან დაკავშირებით, რომლებშიც ადამიანის უფლებათა დამცველები ფიგურირებენ. სტატისტიკური ინფორმაცია, მათ შორის, ეხება იმ ადამიანების რიცხოვნობას, რომლებიც გასამართლდნენ უფლებადამცველების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის, აგრეთვე იმ ადამიანის უფლებების დამცველების რიცხვსაც, რომლებიც დაზარალებულებად იქნენ ცნობილნი. ისევ და ისევ, ამგვარი მიდგომა სხვა სამთავრობო უწყებებმა და სამინისტროებმაც უნდა გადაიღონ, განსაკუთრებით კი – შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

შემაშფოთებელი ნიშნები

როდესაც საქართველოში ჩემი ვიზიტი დავიწყე, გამიჭირდა იმ აზრთან შეგუება, რომ მოჩვენებითი ღიაობით საქართველოს ხელისუფლება ცდილობს შენიღბოს ადამიანის უფლებათა დამცველებისა და მათი უმნიშვნელოვანესი საქმიანობის ძირგამომთხრელი სისტემური ძალისხმევა. მე სიამოვნებით მივიღებ გამოწვევას და მოვისმენ საპირისპირო არგუმენტებს ხელისუფლების მხრიდან ამასთან დაკავშირებით, თუმცა, ჩემთან, მრავალი ადამიანის მხრიდან გაზიარებულ საკმაოდ სერიოზულ და კარგად დასაბუთებულ წუხილებზე დაყრდნობით, ეს მიგნება რჩება ჩემ პირველად დასკვნად.

საქართველოში ადამიანის უფლებათა მრავალი დამცველი აღნიშნავს, რომ მათი აზრით, სახელმწიფო არ ზრუნავს არც მათი საქმიანობის ხელშეწყობაზე და არც მათი უსაფრთხოების დაცვაზე. ისინი ასევე ფიქრობენ, რომ ქვეყანაში არ არის მათი საქმიანობისთვის ხელშემწყობი გაერემო. უფრო მეტიც, ადამიანის უფლებათა დამცველები შიშობენ, რომ მათი ფიზიკური უსაფრთხოება საფრთხის ქვეშაა და რომ სახელმწიფო აქტიურად ცდილობს მათი საქმიანობის დისკრედიტაციას და მათი რისკის წინაშე დაყენებას.

ხელისუფლებისთვის შეიძლება მიუღებელია ის, რომ ადამიანებს აქვთ ამგვარი წუხილის საფუძველი, თუმცა, უდავოა ისიც, რომ ამ განცდას იზიარებენ ქვეყნაში მომუშავე ადამიანის უფლებათა დამცველები. ეს ფაქტი განგაშის ზარებს უნდა რეკდეს ნებისმიერი იმ ხელისუფლებისთვის, რომელიც ამტკიცებს, რომ ადამიანის უფლებების დაცვა, დემოკრატია და კანონის უზენაესობა მისი პრიორიტეტია.

ადამიანის უფლებათა დამცველების შერაცხვა შინაურ მტრებად სახელმწიფო უწყებებისა და მმართველი პარტიის მაღალჩინოსნების მიერ 

ჩემს ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე, 2023 წლის 2 ოქტომბერს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამართა პრესკონფერენცია, რომლის დროსაც სამსახურის წარმომადგენლებმა დამსწრეებსა და მაყურებლებს უჩვენეს საიდუმლოდ გადაღებული კადრები ტრენინგიდან, რომელიც კულტურის სექტორის წარმომადგენლებისთვის ჩატარდა და მიზნად ისახავდა მათთვის საკუთარი უფლებების მშვიდობიანი საშუალებებით დაცვის სწავლებას. ეს ვიდეო წარდგენილ იქნა მანამდე გაჟღერებული განცხადების მტკიცებულებად. განცხადების მიხედვით, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები, განსაკუთრებით კი, ორგანიზაცია CANVAS-ის სახელმწიფო გადატრიალების შეთქმულებას აწყობდნენ. განცხადების საფუძველზე გამოიძიებაც დაიწყო. გამოძიების ფარგლებში, ადამიანის უფლებათა დამცველები, რომლებიც ამავდროულად ზემოთ ნახსენები ტრენინგის ორგანიზატორები იყვნენ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაკითხვაზე დაიბარა და დაკითხვის შინაარსზე გაუთქმელობის ხელწერილი დაადებინა. დაკითხვაზე ასევე დაიბარეს კულტურის სფეროს ის წარმომადგენლები, რომლებსაც სურთ მშვიდობიანი საშუალებებით დაიცვან საკუთარი უფლებები კულტურის სექტორის მზარდი პოლიტიზაციის ფონზე, რომელიც 2021 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს.

როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ამ საკითხებს შევეხე, მათ მირჩიეს ზემოთ ნახსენები კადრები მენახა. ასეც მოვიქეცი. ჩემი აზრით ჩანაწერში არაფერი იყო ისეთი, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მისცემდა ტრენინგის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიმართ წაყენებული ბრალდების საფუძველს. სამდღიან ტრენინგზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლო. შეთქმულების მტკიცებულებად გამოქვეყნებული ჩანაწერი 8 წუთიანია და აშკარად დამონტაჟებული. ტრენერს, რომელიც კადრში ჩანს, არც ერთხელ გაუკეთებია რაიმე მინიშნება ან მოწოდება ძალადობაზე. ამ სიუჟეტის, როგორც შეთქმულების მტკიცებულების წარდგენა მკაფიოდ მიუთითებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიზანმიმართულ მცდელობაზე დამნაშავეებად გამოაცხადონ ტრენინგთან დაკავშირებული ადამიანის უფლებათა დამცველები, და საზოგადოების თვალში მოახდინონ ფუნდამენტური უფლებების დაცვის, როგორც პრაქტიკისა და განსაკუთრებით კი იმ ახალგაზრდებისა და სტუდენტების დელეგიტიმაცია, რომლებიც საკუთარი უფლებების დაცვას პროტესტის მშვიდობიანი გამოხატვით ცდილობენ.

ამგვარმა ქმედებამ სერიოზული ზიანი მიაყენა ადამიანის უფლებების დამცველებს.

პირველ რიგში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წაყენებული ბრალდებების შემდეგ, მმართველი პარტიის მაღალჩინოსნებმა კრიტიკული გადააზრების გარეშე დაიწყეს საჯარო განცხადებების გაკეთება და ბრალდება გამოიყენეს “კარვების შესახებ კანონის” სახელით ცნობილი იმ საკანანონმდებლო ინიციატივის მხარდასაჭერად, რომელიც მშვიდობიანი პროტესტის უფლების შეზღუდვას ისახავს მიზნად. გარდა ამისა, ამ მოვლენების კვალდაკვალ, ულტრამემარჯვენე და ულტრაკონსერვატორულმა ჯგუფებმა გამოაცხადეს მხარდამჭერების მობილიზაცია ამ დაუსაბუთებელი “კონსპირაციის” სულისჩამდგმელების წინააღმდეგ, რამაც შეიძლება ფიზიკური საფრთხის წინაშე დააყენოს ადამიანის უფლებათა დამცველები.

მეორე რიგში, ტრენინგის შესახებ ვოდეოჩანაწერის გამოქვეყნებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ღიად მიანიშნა ტრენინგის ორგანიზატორ ადამიანის უფლებათა დამცველებს, რომ ისინი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. ამ ფაქტმა კიდევ უფრო გაამძაფრა შიში, რომელიც საზოგადოებაში 2021 წელს გაჩნდა, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ სახლმწიფო უსმენდა მრავალ უფლებადამცველსა და დამოუკიდებელ ჟურნალისტს. ნაცვლად იმისა, რომ მთავრობას შესაბამისი რეაგირება მოეხდინა ამ ფაქტზე, კიდევ უფრო დაამძიმა ვითარება 2022 წლის საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცებით, რომელთა შედეგადაც კიდევ უფრო გაფართოვდა სახელმწიფოს უფლებამოსილება თვალთვალსა და მიყურადებასთან დაკავშირებით.

ვიზიტის დროს შეხვედრების მონაწილეებმა მრავალი სხვა მაგალითიც გამიზიარეს, რომლებიც ადამიანის უფლებათა დამცველების სტიგმატიზაციასა და მათი საქმიანობის დელიგიტიმაციას ეხება.

ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა შეეხებოდა მმართველი პარტიის მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებას დამოუკიდებელი ჟურნალისტებისა და გარემოს დამცველების წინააღმდეგ, მსგავსი შინაარსის განცხადებებს კორუფციასთან მებრძოლი აქტივისტების წინააღმდეგ და ერთ-ერთი მაღალჩინოსანის უკიდურესად შემაშფოთებელ კონმენტარს LGBTQI პირების უფლებადამცველებისა და ზოგადად, ქვიარ თემის შესახებ. ქალებს განსაკუთრებით ხშირად იღებენ მიზანში. თბილისში სიარულისას რამდენიმე ადგილას, მათ შორის პარლამენტის შესასვლელთან შევამჩნიე პოსტერები ქალი უფლებადამცველების გამოსახულებით, რომლებსაც “ეკლესიის წინააღმდეგ ჯაშუშობაში” სდებენ ბრალს. როგორ მოხდა, რომ ადამიანებს ნება დართეს ამგვარი პოსტერები გამოეფინათ ისეთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტის შენობის წინ, როგორიც პარლამენტია და როგორ მოხდა, რომ ეს პოსტერები დღემდე არ ჩამოუხსნიათ?

ასეთი მაგალითები, რომლებიც მე გამაცნეს, მიუთითებს “შინაური მტრების” ნარატივის განვითარებაზე. რასაკვირველია, ეს ნარატივი ცარიელ ადგილიდან არ აღმოცენებულა.

უცხოური გავლენის აგენტის შესახებ კანონსა და შემზღუდავ კანონმდებლებლობასთან დაკავშირებული საფრთხეები

2023 წლის თებერვალში, საქართველოს პარლამენტში შევიდა მთავრობის მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი “უცხოური გავლენის აგენტების” საქმიანობის გამჭვირვალეობის შესახებ. კანონპროექტმა მთელი ქვეყნის მასშტაბით მძლავრი საპროტესტო მუხტი გააჩინა. პროტესტს, სამოქალაქო საზოგადოების წარომადგენლებსა და ადამიანის უფლებათა დამცველებთან ერთად სტუდენტებიც შეურთდნენ. პროტესტების შედეგად, რომლებიც ძირითადად მშვიდობიან ხასიათს ატარებდა, მაგრამ პოლიციის მხრიდან ძალადობა მოჰყვა, შედეგი გამოიღო და კანონპროექტი 2023 წლის 10 მარტს უკან გაითხოვეს.

მოვლენათა ამგვარი განვითარების მიუხედავად, მის ზეგავლენაზე მაინც საუბრობენ ის უფლებადამცველები, რომლებსაც ჩემი ვიზიტის ფარგლებში ვესაუბრე. მათ ხაზი გაუსვეს იმ ზიანს, რომელიც კანონპროექტის ინიცირების შედეგად მუნიციპალურ ხელისუფლებასთან მათ ურთიერთობებს მიადგა. საუბარი იყო ასევე დაუცველობის განცდაზე, რომელიც განსაკუთრებით გამძაფრდა კანონპროექტის ინიცირების პერიოდში და შიშზე, რომ კანონპროექტს სამომავლოდ მაინც მიიღებენ ამა თუ იმ ფორმით. კანონპროექტის ინიცირებამ იმედი ჩაუსახა ულტრამემარჯვენე და ულტრაკონსერვატორულ ჯგუფებს, რომელთა ნარატივი “უცხოელი აგენტებისა” და “შინაური მტრების” შესახებ მთავრობისა და პარლამენტარების წევრების მხრიდან ლიგიტიმაციითა და მხარდაჭერით სარგებლობდა.

კანონპროექტის დამკიცებას უკიდურესად უარყოფითი ზეგავლენა ექნებოდა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ არსებულ საკანონმდებლო ჩარჩოზე, რომელიც, ამჟამინდელი მდგომარეობით, საკმაოდ გამართულია, თუმცა უნაკლო არ არის. განსაკუთრებით პრობლემურია და რეფორმირებას საჭიროებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი. ჩემთვის იმედისმომცემია ის, რომ მთავრობის წარმომადგენლებიც ეთანხმებიან ამ მოსაზრებას და არსებულ პრობლემებს. ეს პრობლემები არსებობს დიდი ხანია, ამას ადასტურებს სახალხო დამცველიც და შესაბამისად იბადება კითხვა თუ რატომ ვერ მოხერხდა აქამდე მათი აღმოფხვრა.

მართლაც, გასულ წელს დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, რომლებიც კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებს შეეხო (წვრილმანი ხულიგნობა და სამართალდამცავის მხრიდან კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა), სამართალდამცავების მიერ მრავალჯერ მოხდა მშვიდობიანი თავშეყრის უფლებისა და გამოხატის თავისუფლების შეზღუდვა ამ მუხლების გამოყენებით, მათ შორის, ადამიანის უფლებათა დამცველების მიმართაც.

LGBTQI პირების უფლებადამცველების წინააღმდეგ თავდასხმების დაუსჯელობა

თითქმის ყველა აქტორმა, რომელსაც ჩემი ვიზიტის განმავლობაში შევხვდი, მათ შორის სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა, განსაკუთრებულად გაუსვეს ხაზი იმ სიძნელეებს, რომლებსაც LGBTQI პირების უფლებადამცველები აწყდებიან საქართველოში. ჩემთვის ეს სერიოზული შეშფოთების მიზეზია.

2021 წლის ივლისსა და 2023 წლის ივლისში, ულტრამემარჯვენე და ულტრაკონსერვატორულმა ჯგუფებმა უკიდურესად ძალადობრივად დაარბიეს LGBTQI უფლებადამცველების მიერ ორგანიზებული ღონისძიებები. 2021 წლის ივლისში, პირდაპირი შეტევა განხორციელდა ჟურნალისტების წინააღმდეგ. ასევე, თავს დაესხნენ Tbilisi Pride-ისა და მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისებს. TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომლებიც ერთ-ერთი იყო იმათგან, ვისაც ძალადობრივი ჯგუფები თავს დაესხნენ, ამ მოვლენებიდან რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა. 2023 წელს, ძალადობრივმა დაჯგუფებებმა ალყაში მოაქციეს ღონისძიების ადგილი, ხოლო იქ გათავსებული აღჭურვილობა გაანადგურეს ან მიისაკუთრეს.

ორივე შემთხვევაში თავდასხმის შესახებ განცხადება საჯაროდ, მათ შორის, ინტერნეტ სივრცეში, გააკეთეს და მომხრეებს მობილიზაციისკენ მოუწოდეს ულტრამემარჯვენე დაჯგუფებებისა და მოძრაობის ცნობილმა ლიდერებმა და მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებმა. როგორც 2021, ასევე 2023 წელს, პრემიერ მინისტრმა ღონისძიებამდე გაავრცელა განცხადება, რომელიც, საუკეთესო ვარიანტში, ძალიან შორს იდგა LGBTQI თემის მხარდაჭერისგან და ყველაზე ცუდ შემთხვევაში ღიადაც კი ახდენდა ულტრამემარჯვენე და ულტრაკონსერვატორული ჯგუფების ქმედებების ლეგიტიმაციას.

ამ ძალადობრივი ქმედებების წამქეზებლებისა და ორგანიზატორებიდან არავინ დასჯილა. ნათელია, რომ 2021 წელს ჩადენილი ძალადობისთვის პასუხისმგებელი პირების სათანადოდ დასჯის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, თავიდან იქნებოდა აცილებული 2023 წელს განვითარებული მოვლენები. თუმცა, საქართველოსთვის ეს სიტუაცია ახალი არ ყოფილა. 2012 და 2013 წლებში, ასევე მოხდა თავდასხმა თბილისში, LGBTQI თემის მიერ გამართულ დღესასწაულზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფომ ვერ შეძლო დაგეგმილი ღონისძიებების მშვიდობიან გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა.

ადამიანის უფლებათა დამცველების წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებსა და ზოგადად, ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტებზე პასუხისმგებელი პირების დაუსჯელობის ფონზე, აშკარაა ამ პრობლემების მოგვარებისთვის პოლიტიკური ნების არარსებობა, რაც, თავის მხრივ, იმაზე მიუთითებს, რომ სახელმწიფო ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ საერთაშორისო ვალდებულებებს ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. რაც კიდევ უფრო შემაშფოთებელია ამ შემთხვევებთან დაკავშირებით, არის ის, რომ ამ თავდასხმების დამგეგმავები, განმახორციელებლები და წამქეზებლები ახლა უკვე სხვა უფლებადამცველებს ემუქრებიან და საფრთხეს უქმნიან.

მუქარები, ფიზიკური თავდასმები და რისკის წინაშე მდგარი უფლებადამცველები: ქალი უფლებადამცველები, უმცირესობების უფლებების დამცველები, მედიის წარმომადგენლები და შშმ უფლებადამცველები

საქართველოში გამართული შეხვედრების შინაარსიდან ნათელია, რომ ქართველ უფლებადამცველებს შორის მაღალია დაუცველობის შეგრძნება. შეუძლებელია ეს იზოლირებულად განვიხილოთ სახელმწიფოს უმოქმედობისგან პასუხი აგებინონ LGBTQI პირების უფლებადამცველებზე თავდამსხმელებს. ამის განხილვა იზოლირებულად ასევე შეუძლებელია იმ საოცრად ნეგატიური ნარატივისგან უფლებადამცველების მიმართ რომელსაც მთავრობა მხარს უჭერს და შეუწყნარებელია.

დაუცველობის შეგრძნება განსაკუთრებით მძაფრია იმ უფლებადამცველებისთვის, რომლებიც ინტერსექციული რისკების ქვეშ ექცევა, განსაკუთრებით გენდერული, სექსუალური ორიენტაციის, ეთნიკურობის ან რელიგიური კუთვნილების, შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით. ამავე ჯგუფს მიეკუთვნებიან სოფლად მცხოვრები უფლებადამცველები.

ხშირად, როდესაც მუქარის, თავდასხმისა და დისკრიმინაციის ფაქტების შესახებ განაცხადებენ ხოლმე, ადამიანის უფლებათა დამცველები ყველაზე მეტ მხარდაჭერას საკუთარი კოლეგებისა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წევრებისგან იღებენ, მასინ როცა მათი დაცვის უმთავრესი პასუხისმგებლობა სახელმწიფოს აკისრია.

უკიდურესად შემაშფოთა იმ ინფორმაციამ, რომელიც ჩემი ვიზიტის განმავლობაში მომაწოდეს და რომელიც ქალი უფლებადამცველების წინააღმდეგ თავდასხმებს, პირდაპირ მუქარას, საჯარო შეურაცხყოფებსა და ინტერნეტ სივრცეში შევიწროებას ეხება. მუქარები და თავდასხმები წარმოადგენს შურისძიებას იმ ლეგიტიმური საქმიანობისთვის, რომელსაც ქალი უფლებადამცველები ეწევიან და რომლის ფარგლებშიც, როგორც ეს ყველა ქვეყანაში ხდება, ისინი ხშირად აკრიტიკებენ მთავრობას და საზოგადოების სხვა ძლევამოსილ აქტორებს. შეულამაზებელი მიზოგინია, რომელსაც პარლამენტის წევრები ამჟღავნებენ ქართული ოცნებიდან, კიდევ უფრო ამკაცრებს გარემოს, რასაც, თავის მხრივ, მძიმე ზეგავლენა აქვს ქალი უფლებადამცველების მდგომარეობაზე.

სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა ე.წ. უცხოური გავლენის აგენტის კანონის მიღების მცდელობიდან მოყოლებული, ანუ, მიმდინარე წლის მარტიდან, როდესაც მმართველი პარტიის მაღალჩინოსნებმა ქალი უფლებადამცველები უცხოელ აგენტებად შერაცხეს. ამგვარი განცხადებები ლეგიტიმაციას ახდენს და კიდევ უფრო ახალისებს შემდგომ შეტევებს. ქალმა უფლებადამცველებმა მითხრეს თუ როგორ გახდნენ თავდასხმის მსხვერპლები დედაქალაქის ქუჩებში სიარულისას, როგორ უხმობდნენ სახელით და აგინებდნენ მათთვის უცნობი ადამიანები. ეს ჩემი ვიზიტის დროს ხდებოდა. ასევე, ძალზე ხშირია მუქარები და შევიწროვება ინტერნეტსივრცეში. ამგვარი ინციდენტების უკან ხშირად, აშკარაა, რომ ბოტები დგანან და ეს ინციდენტები როგორც წესი, გენდერულ თემაზე გავრცელებულ დეზინფორმაციას მოსდევს ხოლმე.

ფიზიკური თავდასხმის რისკები კიდევ უფრო იზრდება, თუ ქალი უფლებადამცველი, ამავდროულად ეთნიკური ან რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელიცაა. როგორც ერთმა ქალმა მითხრა, როდესაც საქმე უმცირესობების ინტეგრაციას ეხება, ხელისუფლება ფიქრობს, რომ თემა ცალმხრივმოძრაობიან ქუჩას წააგავს. ქალების ხმები, რომლებიც ამ მიდგომას აკრიტიკებენ, ნაკლებად მისაღებია, ხოლო ქალები უმცირესობების ჯგუფებიდან, რომლებიც ხმას იმაღლებენ, ულტრამემარჯვენე და ულტრანაციონალისტური ჯგუფების რისხვის საგანი ხდებიან.

სიმწვავეს ინარჩუნებს პრობლემები, რომლებიც ეხება ჟურნალისტების და მედიის იმ წარმომადგენლების წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმებში მონაწილე პირების დაუსჯელობას, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებს აშუქებენ. მათ შორისაა ზემოთ უკვე ნახსენები შემთხვევები. მე ამ ჟურნალისტებსა და მედიის წარმომადგენლებს ადამიანის უფლებების დამცველებად მივიჩნევ. მოხარული ვარ, რომ სახელმწიფო უწყებების ზოგი წარმომადგენელიც მეთანხმება ამაში. თუმცა, ჩემთვის ასევე ნათელია, რომ ეს ადამიანები მაღალი რისკის წინაშე დგანან და რომ სახელმწიფო საკმარის ზომებს არ იღებს იმისთვის, რომ მათ შურისძიების შიშის გარეშე შეასრულონ საკუთარი მოვალეობა. როგორც ერთ-ერთმა ჟურნალისტმა თქვა, 2021 წლის ივლისის მოვლენების შემდეგ, ჟურნალისტებს აწუხებთ ფიზიკური დაუცველობის განცდა.

გარკვეულწილად, ხელისუფლებაც უშლის ხელს ჟურნალისტულ საქმიანობას, როგორც ამას სხვადასხვა ანგარიშები და საჯარო ინფორმაციის გამოთხოვაზე რეაგირების დაბალი მაჩვენებელი მოწმობს. გარდა ამისა, შეშფოთებას იწვევს პარლამენტის მიერ ახლახანს ინიცირებული ქცევის კოდექსი, რომელიც, როგორც ჩანს, იმ ჟურნალისტების დასჯის მექანიზმად მოიაზრება, რომლებიც პარლამენტარებს დისკომფორტს უქმნიან.

ზოგიერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უფლებადამცველი ვერ გრძნობს ყურადღებას სახელმწიფოს მხრიდან. ცნობები, რომლებიც ვიზიტისას მივიღე მიუთითებს, რომ რიგ შემთხვევებში, მათ არ ეძლევათ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა და ბულინგის მსხვერპლებიც ხდებიან. გარიყვა განსაკუთრებით ვრცელდება ახალგაზრდა და კრიტიკულად განწყობილ შშმ უფლებადამცველებზე.

გარემოს დამცველი ინდივიდებისა და ჯგუფების მდგომარეობა

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ყველაზე დიდი რისკის ქვეშ ის უფლებადამცველები დგანან, რომელთა საქმიანობა მიზნად ისახავს გარემოს დაცვას არადმგრადი და ზიანის მომტანი ბიზნეს საქმიანობებისგან, მათ შორის ენერგო, ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის სექტორებში. ეს პრობლემა საქართველოში ჩემი ვიზიტის დროსაც მკაფიოდ გამოიკვეთა. როგორც ერთ-ერთმა უფლებადამცველმა განაცხადა, გარემოს დაცვის ნაცვლად, საკუთარი თავის დაცვა უწევთ. ამ სფეროში მომუშავე უფლებადამცველები ხშირად იღებენ აგრესიულ მუქარას. მათ დისკრედიტაციას საჯაროდ ცდილობენ და “ნარკომომხმარებლებად” და “წვრილმან ხულიგნებად” მოიხსენიებენ.

ისევ და ისევ, სიტუაცია უფრო რთულია ამ სფეროში მომუშავე ქალი უფლებადამცველებისთვის, რომელთა წინააღმდეგ ხორციელდება გენდერულად დატვირთული და სექსიზმით გაჯერებული შეურაცხმყოფელი კამპანიები. ხოლო მათი პირადი ცხოვრება საჯარო განხილვის საგანი ხდება ხოლმე, რაც მათი ლეგიტიმური საქმიანობისა და მშვიდობიანი აქტივიზმისთვის შურისძიების ინსტრუმენტად გამოიყენება.

ჩემთვის ცნობილი ყველა ინციდენტის გამომწვევ მიზეზებში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მხრიდან იმ ადამიანებთან მნიშვნელოვანი კონსულტაციების გამართვის სურვილის არქონას, რომლებიც უშუალოდ განიცდიან მსხვილი ბიზნეს პროექტების ზეგავლენას. სუსტი და ძალაუფლების გარეშე დარჩენილი ადგილობრივი თემები შესაძლოა იმ აქტორების ინტერესებს ემსახურება, რომლებიც მოკლევადიან პერსპექტივაში სარგებელს იღებენ ამგვარი პროექტებისგან. თუმცა, ადამიანებს აქვთ იმ პროცესებში მონაწილეობის უფლება, რომლებიც გავლენას ახდენენ მათ ცხოვრებაზე. როგორც აარჰუსის კონვენციის ხელმომწერი, საქართველო ვალდებულია პატივი სცემს და დაიცვას ეს უფლება.

მინდა დავაფიქსირო ჩემი განსაკუთრებული შეშფოთება იმ უფლებადამცველებთან დაკავშირებით, რომლებიც ბალდის კანიონში მუშაობენ და სადაც, ჩემი ვიზიტის განმავლობაში, სულ მცირე ერთ მათგანზე განხორციელდა ფიზიკური თავდასხმა. მოვუწოდებ ხელისუფლებას კონსტურქციული ურთიერთობა დაამყაროს ყველა იმ ადამიანთან, რომლებზეც გავლენა იქონია მათ მახლობლად განვითარებულმა მოვლენებმა, მოუსმინონ მათ წუხილებს და დაარწმუნონ ისინი, რომ კონსტიტუტციით დაცული მათი უფლებები დაცული იქნება.

რუსი და ბელარუსი უფლებადამცველების მდგომარეობა

საქართველო, ტრადიციულად, უსაფრთხო ადგილად ითვლება სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული უფლებადამცველებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ უცხოელი უფლებადამცველები, ზოგადად, საქართველოში არსებულ გარემოს დადებითად აფასებენ, მათ შეშფოთებას საკუთარ მგომარეობასთან დაკავშირებით, რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს.

ამჟამად, რუს და ბელარუს უფლებადამცველებს საქართველოში შემოსასვლელად ვიზა არ სჭირდებათ. ქვეყანაში მათ უვიზო დარჩენა ერთი წლის განმავლობაში შეუძლიათ. თუმცა, ზოგიერთი მათგანი სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდა როდესაც საქართველოში მეორედ შემოდიოდა მესამე ქვეყნიდან, სადაც საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებით იმყოფებოდნენ. რიგ შემთხვევებში მათ უარი ბუნდოვანი და განზოგადებული მიზეზის გამო უთხრეს. შეოსვლაზე უარი ამ შემთხვევებში პრობლემატურია და მათ ფაქტობრივად უსახლკაროდ აქცევს. უფლებადამცველების ნაწილმა საბოლოოდ შეძლო საქართველოში შემოსვლა, თუმცა საზღვარზე მათ დაკითხვა მოუწყვეს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში საქმიანობის, საზღვარგარეთ გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

უცხოელი უფლებადამცველები ასევე აწყდებიან პრობლემებს, როდესაც ისინი ცდილობენ საქართველოში დაარეგისტრირონ საკუთარი ორგანიზაცია. 2022 წლის თებერვიდან პრობლემურია საბანკო ანგარიშის გახსნაც. ერთ-ერთმა უფლებადამცველმა, რომელსაც საქართველოში შევხვდი მიამბო, რომ ერთ-ერთ მათგანს ხუთჯერ უთხრეს უარი ორგანიზაციის სახელზე საბანკო ანგარიშის გახსნაზე. უფრო მეტიც, მათ, ვინც ორგანიზაცია 2022 წლის თებერვლამდე დაარეგისტრირა, ახლა სთხოვენ, რომ ხელახლა გაიარონ რეგისტრაცია, რაც პრობლემებთან არის დაკავშირებული, რადგან მათ სთხოვენ წარადგინონ უმაღლესი განათლების დიპლომი, ოფიციალური კონტრაქტები და სხვა დოკუმენტები.

ამჟამად საქართველოში მცხოვრებმა ბელორუსმა უფლებადამცველებმა ასევე მომაწოდეს ინფორმაცია იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც უკავშირდება მათთვის საკონსულო მომსახურებზე ხელმიუწვდომლობას პრეზიდენტ ლუკაშენკას განცხადების შემდეგ.

განცხადება ეხებოდა იმას რომ მათ არ შეუძლიათ ბელარუსის საზღვრებს გარეთ გააკეთონ განაცხადი პასპორტის მიღებაზე. ეს პრობლემა მათ შვილებსაც ეხებათ და კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აყენებს უფლებადამცველებს, რომლებსაც, ბელორუსში დაბრუნების შემთხვევაში სერიოზული საფრთხე ემუქრებათ.

დასკვნა

საქართველო ახლა გარდამავალ ეტაპზეა. მალე გახდება ცნობილი ევროკავშირის გადაწყვეტილება, ხოლო ქვეყანა თავის პირველ, სრულად პროპორციულ არჩევნებს მომავალ წელს გამართავს. ადამიანის უფლებათა დამცველების მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულება განსაზღვრავს იმას, თუ რა გზას აირჩევს ქვეყანა ამ მოვლენების წინმსწრებ პერიოდში.

ჩემი ვიზიტის განმავლობაში მოვისმინე შემაშფოთებელი ფაქტების შესახებ, თუმცა, ეს პრობლემები არ არის შეუქცევადი. ვიზიტისას გამართული მრავალი შეხვედრიდან, იქნებოდა ეს სახელმწიფო სტრუქტურების და მთავრობის წარმომადგენლებთან თუ ადამიანის უფლებათა დამცველებთან, იმედით აღსავსე გამოვედი. იგივეს განვიცდი, როდესაც თბილისის ქუჩებში ახალგაზრდებს ვუყურებ.   მათი ინტერესების გათვალისწინება, წინ დაყენება და ადამიანების გაძლიერება, რომ ისინი გახდნენ ადამიანის უფლებათა დამცველები, არის პარალელური პროცესები. რეპრესიები და მეორე მხარის აუგად მოხსენიება – ეს არის გზა არსაით.

მე კვლავაც გავაგრძელებ საქართველოში ადამიანის უფლებათა დამცველების მდგომარეობაზე თვალყურის დევნებას და ვითანამშრომლებ მთავრობის წარმომადგენლებთან ადამიანის უფლებათა საბჭოსთვის საბოლოო ანგარიშის წარდგენამდე 2025 წლის მარტში. მაგრამ, უფლებადამცველებისთვის გაუარესებული მდგომარეობის გამოსწორებისთვის ნაბიჯები დაუყოვნებლივ უნდა გადაიდგას. ამისთვის მე მოვუწოდებ ყველა შესაბამის აქტორს, ყურადღება გაამახვილონ ქვემოთ მოცემული პირველადი რეკომენდაციების შესრულებაზე. მე სიამოვნებით ჩავერთვები ხელისუფლებასთან კომუნიკაციაში მათი განხორციელების უზრუნველსაყოფად.

საწყისი რეკომენდაციები 

  • საქართველოს მთავრობას
    1. შეწყდეს ყველა უფლებადამცველის სტიგმატიზაცია და მათი საქმიანობის დისკრედიტაცია საჯარო განცხადებებში
    2. შესწორებები შევიდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საერთაშორისო კანონმდებლობისა და სტანდარტების შესაბამისად. განსაკუთრებით ეს ეხება კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებს. კერძოდ, წვრილმანი ხულიგნობა და სამართალდამცავი მუშაკის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა არ უნდა იქნეს გამოყენებული ადამიანის უფლებათა დამცველების თვითნებურად დასაკავებლად, განსაკუთრებით შეკრება მანიფესტაციისას,
    3. შეწყდეს საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობა, რომელიც მიზნად ისახავს შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას
    4. შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის ადამიანის უფლებათა დამცველებთან, ადვოკატებსა და დამოუკიდებელ ჟურნალისტებთან თანამშრომლობით, მომზადდეს ცვლილებები ეროვნულ კანონმდებლობაში თვალთვალისა და მიყურადების შესახებ, რათა უფრო მკაცრი კონტროლის ქვეშ მოექცეს ისეთი შეზღუდვები, რომლებიც უკავშირდება პირადი ცხოვრების დაცვისა და გამოხატვის თავისუფლებას, ხოლო ქვეყნის კანონმდებლობა დაუახლოვდეს საერთაშორისო და რეგიონულ საკანონმდებლო სტანდარტებს.
    5. ადამიანის უფლებათა ეროვნულ სამოქმედო გეგმაში პრიორიტეტად გამოცხადდეს უფლებადამცველების გაძლიერება, კონკრეტულ ამოცანად გაიწეროს ქალი უფლებადამცველების, LGBTQI პირების უფლებადამცველებისა და ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებადამცველების დაცვა და გაძლიერება
    6. შემუშავდეს კონკრეტული სამოქმედო გეგმა რომელიც უზრუნველყოფს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელი უფლებადამცველების, განსაკუთრებით ქალებისა და ახალგაზრდა ლიდერების, ეფექტიან მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, მეტადრე მაშინ, როდესაც ამგვარი გადაწყვეტილებები უშუალოდ ეხება უმცირესობებს
    7. საჯაროდ იქნეს აღიარებული არჩევნებზე დამუკიდებელ დამკვირვებელთა საქმიანობა და მისი მნიშვნელობა ადამიანის უფლებათა დაცვისა და დემოკრატიისთვის. გადაიდგას პროაქტიული ნაბიჯები, რათა დამოუკიდებელმა დამკვირვებლებმა თავისუფლად შეძლონ საკუთარი საქმიანობის განხორციელება 2024 წლის არჩევნებზე.
  • საქართველოს პარლამენტის წევრებს:
    1. შეწყდეს ყოველგვარი სტიგმატიზაცია და დისკრედიტაცია ადამიანის უფლებათა დამცველების, მათ შორის დამოუკიდებელი ჟურნალისტებისა და მათი საქმიანობის მიმართ;
    2. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს საჯარო მიზოგინური თავდასხმების აღმოფხვრას
  • საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს:
    1. დაჩქარდეს და რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს ყველა საგამოძიებო მოქმედებები სავარაუდო შეთქმულებისა და ხელისუფლების დამხობის მომზადება/მცდელობასთან დაკავშირებით, რასაც შედეგად უნდა მოჰყვეს ან გამოძიების შეწყვეტა ან საქმეების პროკურატურისათვის გადაცემა დევნის განხორციელებისათვის;
    2. შეწდეს უფლებადამცველების, მათ შორის დამოუკიდებელი ჟურნალისტების ყოველგვარი თვალთვალი, რომელიც არ შეესაბამება საერთაშორისო და რეგიონულ იმ სტანდარტებს, რომლებიც უზრუნველყოფენ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასა და გამოხატვის თავისუფლებას;
  • საქართველოს სახალხო დამცველის ოფისსა და საქართელოს პროკურატურას:
    1. მონიტორინგი განხორციელდეს ადამიანის უფლებათა დამცველებსა და ჟურნალისტების მიმართ ფარული თვალთვალის საქმეზე, რათა შეფასდეს ნებისმიერი ასეთი თვალთვალის შესაბამისობა რეგიონალური და საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებს;
  • სახალხო დამცველის ოფისს:
    1. ნათლად წარმოაჩინოს LGBTQI ადამიანების უფლებათა დამცველების საქმიანობის მნიშვნელობაზე
  • სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს:
    1. დაიწყოს გამოძიება 2023 წლის სექტემბერში კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის ტრენინგში მონაწილე ადამიანის უფლებათა დამცველების უკანონო თვალთვალის საქმეზე. გამოძიება წარიმართოს 2023 წლის ივლისში ადამიანის უფლებათა დამცველებთან დაკავშირებული შემთხვევების გამოძიების შესახებ დამტკიცებული გზამკვლევის შესაბამისად.
  • პროკურატურას:
    1. პრიორიტეტად იქნეს აღიარებული და გაორმაგდეს ძალისხმევა 2021 წლის ივლისსა და 2023 წლის ივლისში LGBTQI თემის მიერ ორგანიზებული ღონისძიებების დარბევის გამოძიების მიმართულებით, პასუხიგებაში იქნენ მიცემული ყველა ორგანიზატორი და ის პირები, რომლებიც საჯარო მოწოდებებს აჟღერებდნენ ღონისძიებების მონაწილეების წინააღმდეგ.
  • საგარეო საქმეთა სამინისტროს:
    1. შეიქმნას ერთობლივი პლატფორმა ადამიანის უფლებათა დამცველებისა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლების მონაწიილეობით საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით სხვადასხვა საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციებისა და მექანიზმების, მათ შორის გაეროს სპეციალური პროცედურების, მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის მიზნით
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს:
    1. სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პროკურატურის მიერ შედგენილი გზამკლევის მაგალითზე, შემუშავდეს სავალდებულოდ შესასრულებელი რეკომენდაციები ადამიანის უფლებათა დამცველების წინააღმდეგ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის გამოძიებისთვის ინტერსექციული მიდგომის გამოყენებითა და ადამიანის უფლებათა დამცველების შესახებ გაეროს დეკლარაციის, ასევე გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ფაქტების ცნობარი #29-ის საფუძველზე.
    2. პროკურატურის მიერ დანერგილი მონაცემთა შეგროვების სისტემის მაგალითზე, დაინერგოს სტატისტიკური მონაცემების სეგრეგაციის მექანიზმი ადამიანის უფლებათა დამცველების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით
    3. უზრუნველყოფილ იქნეს ბელორუსი და რუსი უფლებადამცველების ქვეყანაში მრავალჯერადად შემოსვლა უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შესაბამისად, მიღებულ იქნეს პროაქტიული ზომები, რათა ბოლორუსი და რუს უფლებადამცველები დარწმუნდნენ, რომ მათ ნამდვილად აქვთ ამის შესაძლებლობა.
    4. ნებისმიერ პირს, მათ შორის უცხოელ უფლებადამცველებს, რომელსაც სურს ქვეყანას მიმართოს თავშესაფრის მოთხოვნით, უნდა მიეცეს ტერიტორიაზე შესვლის უფლება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
    5. ცვლილებები შევიდეს საქართველოს კანონში უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ და მე-11(1) მუხლიდან ამოღებულ იქნეს ბუნდოვანი და ზოგადი ხასიათის ქვეპუნქტი (ი) “საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები”, როგორც უცხოელისთვის საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე უარის საფუძველი.
    6. დაიშვას ცხოვრების უფლების გაცემა ჰუმანიტარულ საფუძველზე, რათა შესაბამისი დაცვა იქნეს უზრუნველყოფილი უცხოელი ადამიანის უფლებათა დამცველებისთვის, რომლებსაც გაწყვეტილი აქვთ ოჯახთან კავშირი და არ აქვთ სამსახური
    7. პროაქტიულად გადაიდგას ნაბიჯები, რათა უცხოელ ადამიანის უფლებათა დამცველებს საშუალება მიეცეთ დაარეგისტრირონ საკუთარი არასამთავრობო ორგანიზაცია და გახსნან საბანკო ანგარიში ამ ორგანიზაციებისთვის
  • იუსტიციის სამინისტროს:
    1. გაფართოვდეს იურიდიული დახმარების სამსახურის მანდატი და დახმარება გაეწიოს ყველა იმ პირს, რომლებიც გახდნენ სავარაუდო დანაშაულის მსხვერპლები ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მათი საქმიანობის გამო
  • კულტურის სამინისტროს:
    1. დაიწყოს კონსულტაციები ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროების წარმომადგენლებთან, მათ შორის ეროვნული დონის ინსტიტუტებიდან თანამდებობიდან გათავისუფლებულ ყოფილ თანამშრომლებსა და მათ წარმომადგენელ ორგანიზაცებთან, ქვეყანაში კულტურის კუთხით გამოხატვის უფლების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით.
  • გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და ბიზნეს კომპანიებს:
    1. უზრუნველყოფილი იქნეს ინფორმაციაზე წვდომის, საზოგადოებრივ პროცესებში მონაწილეობისა და მართლმსაჯულების უფლების დროულად და ეფექტიანად განხორციელება გარემოსდაცვით სფეროში, აარჰუსის კონვენციის პირობების შესაბამისად.
    2. მოხდეს გამჭვირვალე და მიზანმიმართული საკონსულტაციო პროცესის ინიცირება, რათა აღმოიფხვრას მიმდინარე კონფლიქტი ბალდის კანიონში და უზრუნველყოფილი იქნეს ყველა დაზარალებულის, მათ შორის ადგილობრივი უფლებადამცველების, სრული და უსაფრთხო მონაწილეობა.
  • განათლების სამინისტროს:
    1. შეიქმნას მოდული ადამიანის უფლებათა დამცველების შესახებ მასწავლებლების მოსამზადებელ პროგრამაში
    2. შეიქმნას მოდული ადამიანის უფლებათა დამცველების შესახებ სამოქალაქო განათლების პროგრამაში

Actions

Submit Information

Submit confidential information on a HRD at risk

Communications and Press Releases

How do communications and press releases work?

Contact Mary

Request a meeting with Mary or her team